weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის მასობრივი შიმშილობის აქციას ვიწყებთ – მელია

22:22 სამშაბათი, 21 დეკემბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე დღეს გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივ შიმშილობას დაიწყებენ.

როგორც მელიამ თქვა, მასობრივი შიმშილობა კახეთის გზატკეცილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება, სადაც „შესაბამისი ინფრასტრუქტურა“ მოაწყეს.

„მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ვიწყებთ ახალ საეტაპო ბრძოლას და დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, ეს კონსიტიტუციური უფლებაა, არაძალადობრივი მეთოდია, მაგრამ მძიმეა.

ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მე შეიძლება, ბევრ ადამიანს არ გამოვადგე რჩევის გასაცემად და ვერავის დავავალდებულებ, რომ გადადგას ეს მძიმე ნაბიჯი, მაგრამ აქვე დავძენ, რაც უფრო მასობრივი იქნება, რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი იქნება უფრო მალე პოზიტიური“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ „ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვედ აყვანას არ ეგუებიან“.

„ეს შიმშილობის უმძიმესი აქტი იქნება უვადო, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე. ვისაც გული გიძგერთ, ვისაც შეგიძლიათ, ვისაც წრფელად გჯერათ, რომ გამარჯვება მოპოვებადია, უკან არ დავიხიოთ და ბრძოლა იყოს ბოლო ამოსუნთქვამდე.

მანამ სანამ ჩვენ თავებს არ დავუმტკიცებთ, არ დავიჯერებთ, არ ვირწმუნებთ, რომ შეგვიძლია, სანამ განტევების ვაცებს ვეძებთ, სანამ ნიშნის მოგებით ვესაუბრებით ერთმანეთს, სანამ ხელისუფლება ხელებს იფშვნეტს, რამდენი ადამიანი ჩააგდოს ტყვეობაში, რეალობა თავისით ვერ შეიცვლება“, – განაცხადა მელიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა წინასწარი შეთანხმებით შეწყალების ეპიზოდში. სააკაშვილს სასჯელის ზომად 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს განსაზღვრული. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე და ასევე, ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვას ეხება.

დაკავების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, რადგან თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. მას შემდეგ რაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, მისი მოთხოვნა სამოქალაქო ტიპის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანა იყო, თუმცა 8 ნოემბერს, რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან მოტყუებით გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მოათავსეს. მას შემდეგ ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა და ახლა რეაბილიტაციას გადის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]